წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთში მომხდარ შემზარავ ავტოსაგზაო შემთხვევას 29 წლის დემურ სალუქვაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანა დაეჯახა.
ტრაგედიას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის მეუღლე მარიამ გიგიაძე პოსტით ეხმაურება. იგი სავარაუდო დამნაშავეების მხრიდან გამოჩენილ გულგრილობაზე საუბრობს.
"ვაი ჩემო საწყალო ქმაროო, ეს ვის გადაეყარე, მიგსრისა მანქანაში, თავის გადარჩენა გინდოდა და პირდაპირ შენ გიმიზნა. კი არ ნანობენ, აქეთ მოდიან იერიშზე, ვითომ წიწილი იყავი... დაგვაქცია და დაგვამხო, გაგვაშავა. მის შვილებს უნდა მიხედოთ-თქვა და ფეხებზე დაიკიდეს. რა სიკვდილად მინდოდა ვინმე, შენ მყოლოდი გვერდით, აწი მე რა უნდა ვქნა, რა უნდა გავაკეთო, უნდა ვიწვალო და ვიწამო უშენოდ. აბა შენ ყოფილიყავი დამნაშავე და შენ მოგეკლა, ვინ გაგვახარებდა? კიდე მართალი გონიათ თავი. სიკვდილი, სიკვდილი და მერე როგორი სიკვდილი... "გადამარჩინეთ, ორი შვილი მყავსო“ - ეხვეწებოდი ექიმებს. როგორ უნდა გაგიმეტო ცივი მიწისთვის, როგორ დაგტოვო იქ“, - წერს მარიამ გიგიაძე.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, რომელიც დაადგენს ავტოსაგზაო შემთხვევის ზუსტ გარემოებებსა და მიზეზებს. სოციალურ ქსელში გარდაცვლილ ახალგაზრდას მეგობრები და ახლობლები გლოვობენ.